თინათინ ბერძენიშვილი - გამორიცხულია, ჩვენ ვინმეს რამე წავართვათ, მით უფრო პატარა არხებს
თინათინ ბერძენიშვილი - გამორიცხულია, ჩვენ ვინმეს რამე წავართვათ, მით უფრო პატარა არხებს

ჩვენ პრეტენზია გვაქვს რეიტინგის ზრდაზე, ლიდერობაზე და ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოთამაშეობაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ვალდებულებები, რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ აქვს კომერციულ მედიას, კანონში შესატანი ცვლილებები კი სწორედ ამ ფუნქციების სწორ, თანმიმდევრულ შესრულებას ემსახურება.

„ის ვალდებულებები, რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ აქვს კომერციულ მედიას, როგორ ასრულებს და ასრულებს თუ არა ამ ფუნქციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს სხვა საკითხია. კანონში შესატანი ცვლილებები კი სწორედ ამ ფუნქციების სწორ, თანმიმდევრულ შესრულებას ემსახურება. გამორიცხულია, რომ ჩვენ ჰიპოტეტურად, მით უფრო პატარა არხებს, რამე წავართვათ, ჩვენ პრეტენზია გვაქვს რეიტინგის ზრდაზე, ლიდერობაზე და ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოთამაშეობაზე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, 2015 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამა ჰქონდა და ეს არ აღემატებოდა 2 მლნ ლარს.

„2015 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამა ჰქონდა და შეგვიძლია ციფრებში ვნახოთ, ვის რას ართმევდა. ეს არ აღემატებოდა 2 მლნ ლარს, თუმცა მოვა ის დროც, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ლიდერი მედიაბაზარზე და შეიძლება ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს. თუმცა, როგორ შეიძლება ორმა პროცენტმა ნგრევა გამოიწვიოს ბაზარზე, ეს ცოტა ალოგიკურია“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის შეხხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.