ვასილ მაღლაფერიძე - მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება

პრეზიდენტს ძალიან დეტალურად ავუხსენით გეგმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და კანონპროექტის არსი, რომელიც პარლამენტში განიხილება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელ შეხვედრისას კანონპროექტზე შესაძლო ვეტოზე საუბარი არ ყოფილა.

„ამ კანონპროექტს ბევრი ჩვენი ოპონენტი, ზოგი განზრახ და ზოგი უნებლიეთ, არასწორად განმარტავს. ყველა მუხლი დეტალურად ჩავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო,  საქმიანი შეხვედრა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საქმიანი შეხვედრები, მეტი ადამიანი გაეცნობა ვითარებას. ჩვენ მზად ვართ, გახსნილი ვართ და მედიამაც ეს ობიექტურად უნდა გააშუქოს. ტრაგიკულად ნუ დავხატავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საარსებო წყაროს გართმევთ. მედიაპლურალიზმი არის თითოეული ადამიანის მონაპოვარი. ჩვენ ამ სიკეთეს უბრალოდ ვქმნით და ვართ ინსტრუმენტები. მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება.  გაეცანით მსოფლიო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. რაც შეეხება შესყიდვებს, ამ თემით სპეკულირება ხდებოდა, ჩვენ ვითხოვთ არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ პროდუქციის გათავისუფლებას ტენდერებისგან“, – განუცხადა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება შესყიდვებს, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა,  ხდება ამ თემით სპეკულირება, რადგან მაუწყებელი ითხოვს არა შესყიდვებისგან, არამედ შემოქმედებითი პროდუქციის ტენდერებისგან გათავისუფლებას.

„საუბარია იმაზე, რომ გადაცემა და ფილმი არ შეგვესყიდა ისე, როგორც ცემენტი და კონდიციონერი. ამით ხდებოდა სპეკულირება. ეს არ არის  ჩვენი მოთხოვნა,  ევროკავშირის მოთხოვნებშია, რომ 2019 წლიდან საქართველოში არა მხოლოდ ჩვენ, მთლიანად თავისუფლდება ამ ტიპის პროდუქცია ტენდერებისგან. რატომ? იმიტომ, რომ  უაზრობაა, გადაცემა და სერიალი ტენდერით იყიდო და მხოლოდ ფასით იყოს განსაზღვრული”,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის შეხხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.