ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქველმოქმედო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. მიზანი პატარა გაბრიელ სულაშვილის დახმარებაა. საერთაშორისო დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილისა და საერთაშორისო ოსტატ მალხაზ სულაშვილის ერთი წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა. საფრანგეთში მკურნალობის ბოლო ეტაპზე მოხდა რეციდივი.
გაბრიელს სჭირდება უახლესი ამერიკული პრეპარატი, რომლის ღირებულება ასეულობით ათასი დოლარია. პატარა გაბრიელის გადასარჩენად მთელი საჭადრაკო სამყარო გაერთიანდა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრებიც. მოჭადრაკეები და ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საქველმოქმედო ტურნირზე საჭირო თანხის გარკვეულ ნაწილს შეაგროვებენ.