საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ასევე, მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას.
შეგახსენებთ, რომ პაციენტი საეჭვო ნიშნებით კლინიკაში 4 ივნისს შეიყვანეს. მას შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში მისი ბიოლოგიური მასალის კვლევა მიმდინარეობდა. რაც შეეხება „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების მსოფლიო სტატისტიკას, აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, სადაც ვირუსის აფეთქება მოხდა, დადასტურებულია „მაიმუნის ყვავილის“ 1 600 შემთხვევა 40-მდე ქვეყანაში.
23 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა იგეგმება, რომელზეც იმსჯელებენ, ქმნის თუ არა ინფექცია საერთაშორისო საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.