საქართველოში „კოვიდ-19“-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა; ქვეყნის ეპიდსურათი და საქართველო უცხოეთის გავლენიანი მედიის ყურადღების ქვეშ - ათი ახალი შემთხვევა და ინფიცირების ერთი დაუდგენელი წყარო. სპეციალისტთა აზრით, საქართველოში ეპიდვითარება მართვადია. გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ვირუსის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გამოყენებული მეთოდებით ინტერესდება
საქართველოში „კოვიდ-19“-ით კიდევ ერთი, მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. მცხეთის კლინიკაში მოთავსებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. რამდენიმე წუთში მარიამ სეთურიძეს ჩავრთავთ, მანამდე კი გეტყვით, რომ გარდაბნის რაიონში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. გაჩიანში უკვე დადასტურებულ „კოვიდ-19“-ის შემთხვევებს დღეს ხუთი ახალი ფაქტი დაემატა, ჯამში კი, ბოლო 24 საათში ათი ინფიცირებულია გამოვლენილი. სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ათიდან ერთ შემთხვევაში, ინფიცირების წყარო უცნობია. საუბარია რუსთავში მცხოვრებ 87 წლის ქალზე, რომლის ოჯახის წევრებს ახლა იკვლევენ.
თუ ივნისისა და ივლისის პირველი ნახევრის სტატისტიკას დავეყრდნობით, კორონავირუსის გართულებული შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. ამ ტენდენციას ეპიდემიოლოგები ვირუსული ინფექციის მახასიათებლების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და გარკვეული გამოცდილების დაგროვებასაც უკავშირებენ. ანუ, თუ აპრილში, როცა დაავადების გავრცელების მაჩვენებელი პიკში იყო, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რიცხვი ინფიცირებულთა 25%-ს შეადგენდა, ივნისში ამ მონაცემმა ორ პროცენტამდე დაიწია.