საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფოთის „კოლხეთი“ დასაჯა.
როგორც ირკვევა, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ, უეფა-ს შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება, რომ „კოლხეთის“ მიერ ადგილი ჰქონდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას.
უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ „კოლხეთის“ რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა „კოლხეთის“ წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე, „კოლხეთის“ მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიეცათ.
ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.
შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:6 დამარცხდა.