პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ორივე წარსულში ნასამართლევი: 1992 წელს დაბადებული მამაკაცია.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები საღამოს შეიჭრნენ „აფრიკის დასახლებაში“ მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში. იარაღის მუქარით ფული გასტაცეს მოლარე-ოპერატორს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, თავდამსხმელებს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ორივე მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა მოახერხეს ბანკის ტერიტორიის დატოვება, იქვე მდგომ ავტომობილში ჩასხდნენ და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა პოლიციამ რამდენიმე საათში დაადგინა. ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი. ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.