საქართველოში ტურიზმის გახსნისა და სპეციალური უსაფრთხო ზონების შექმნის შესახებ კიდევ ერთი გავლენიანი საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა – „კონდე ნასტ თრეველერი“ წერს. „რომელი ქვეყნები იხსნება საერთაშორისო მოგზაურებისთვის“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში პოპულარული ტურისტული მიმართულებები: საბერძნეთი, ესპანეთი, ინდონეზია, მალდივი და შრი-ლანკა მოხვდნენ.
„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს. უკვე დანერგილია უსაფრთხოების და ჰიგიენის ახალი ზომები, რაც ტურისტებს მშვიდად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. საქართველო ტურისტებს „მწვანე ზონებში“ მიიღებს, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსისგან თავისუფალ ადგილებში მოეწყობა. მთელ ევროპაში საქართველო კორონავირუსის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“ – წერს გამოცემა.