ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას რამდენიმე ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ევროპელი დიპლომატების თქმით, სანქციების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, 24 თებერვალს იქნება მზად. ამ ეტაპზე ევროკავშირში არ აკონკრეტებენ, რა ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ. როგორც ვარაუდობენ, სანქციების მეათე პაკეტის თემის წინ წაწევას ევროპელი დიპლომატების ნაწილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეეცდება, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი. ევროკავშირს ასევე სურს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო მხარდაჭერის – 500 მილიონი ევროს ღირებულების მორიგი ტრანშის დამტკიცებაც. ამ ეტაპზე მის გადაცემას უნგრეთი ბლოკავს.