უკვე რამდენიმე საათია, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაცია ერთობლივად თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და გავრცელებული ცნობით, შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ირანული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის და ისრაელის თავდასხმის შედეგად ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაში 53 ადამიანი დაიღუპა. ირანის განათლების სამინისტროს პრესსპიკერის, ალი ფარჰადის განცხადებით კი, დაბომბვის შედეგად დაშავებულია 63 ადამიანი.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო და სულიერი ლიდერის რეზიდენციები იყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი უვნებელია, სულიერი ლიდერი კი თეირანში არ იმყოფება. იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.
თავდაპირველად რამდენიმე აფეთქება ირანის დედაქალაქ თეირანში მოხდა. მოგვიანებით კი დაბომბვა დაიწყო ისპაჰანში, ყუმში, კარაჯში და ქერმან-შაჰშიც. CNN-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ შტატების დარტყმები ამჟამად სამხედრო სამიზნეებზეა ორიენტირებული. ოპერაციასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა თავად დონალდ ტრამპმა და ირანს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდა.