საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება  

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 13 სექტებრიდან აღდგება – გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ღონისძიებების მონაწილეებმა კი უნდა დააკმაყოფილონ კოვიდრეგულაციები. მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ კოვიდვაქცინაცია ან ბოლო 72 საათში გაკეთებული „პისიარ“ ტესტი, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ტესტი. კოვიდსტატუსის განსაზღვრის მიზნით, შემუშავდა სპეციალური აპლიკაცია.

გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირის ორშაბათიდან იწყება ფულადი ჯილდოების გათამაშება. ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამარჯვებულებს ყოველდღიურად გამოავლენს. გათამაშებაში მონაწილეობას მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები მიიღებენ. ფულადი პრიზები 100-დან 10000 ლარამდე იქნება. გათამაშებისთვის თანხა 2 მილიონ 800 ათასი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო. გათამაშება წლის ბოლომდე გაგრძელდება.