სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა

21:12, 23.11.2026

ხელისუფლების გეგმა, რომელსაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

სუროგაციის სრულად აკრძალვის მიზნით დაანონსებული საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო პოზიციები გაიყო. გადაწყვეტილებას, რომელსაც მმართველი გუნდი ეთიკურ-სამართლებრივი რისკების, ადამიანებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის საფრთხეების პრევენციით ხსნის, დადებითად ხვდება საპატრიარქო. სუროგაცია საქართველოს ეკლესიისთვის პრობლემური საკითხია, რაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის 2014 წლის საშობაო ეპისტოლეშიც იყო ხაზგასმული. ეპისტოლეში სუროგაციასთან ერთად ეთიკურ და სულიერ პრობლემად იყო მიჩნეული ხელოვნური განაყოფიერებაც, რომელზეც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აკრძალვები და შეზღუდვები არ გავრცელდება. რეპროდუქციულ სფეროში მომუშავე კლინიკები კომერციალიზაციის პრობლემას გამოწვევად მიიჩნევენ, თუმცა სუროგაციის სრულ აკრძალვას ეწინააღმდეგებიან და მკაცრ რეგულირებას ითხოვენ. იგივე პოზიცია აქვს პოლიტიკოსების ნაწილსაც, უკვე გაიჟღერა საბერძნეთის მოდელმა, სადაც სუროგაცია მკაცრად რეგულირდება და მხოლოდ ალტრუისტული მიზნებითაა ნებადართული. შეგახსენებთ, რომ სფეროს მეტად გაკონტროლების მიზნით მთავრობამ საკანონმდებლო პროექტი 2013 წელსაც დააინიცირა, თუმცა ინიციატივა სრულად აკრძალვებს მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს უწესებდა, მაშინდელი განხილვები მალევე გაჩერდა და პროექტი კანონად ვერ იქცა. მოქმედი კანონმდებლობით, სუროგაცია, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაშია აკრძალული, საქართველოში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

მსგავსი