სადღაც ტეხასში, თავისუფლების საგრაფოში...
სადღაც ტეხასში, თავისუფლების საგრაფოში...

სადღაც ტეხასში, თავისუფლების საგრაფოში (ლიბერტი ქაუნთი) მიკარგული პატარა ქალაქია, დაისეტა.

ჰოდა, ამ დაისეტას მიდამოებში მომიწია ჩვენი კომპანიის პატარა საბარგო მანქანით მგზავრობა. გაშლილი ტეხასური პეიზაჟი, ბევრი მზე და კარგი ამინდი!

აქაურობისთვის უჩვეულო სიგრილე იყო, ჩამოღებულ ფანჯარაში იდაყვი გადავდე, მივაგორებ მანქანას, ვატრიალებ საჭეს და მივღიღინებ… ნამდვილი კლასიკური ქართული კინოა: თუ გინდა სითბო და ნუგეში, დილაო, ჰოვ, დილაო!…

და უცებ ქართული მშვიდობიანი ფილმიდან „ვესტერნში“ აღმოვჩნდი! დაიწყო „ექშენი“!

უკნიდან არსაიდან გაჩენილი პოლიციის მანქანა ამომიდგა, ფერადი შუქები დამიბრიალა და დამიკივლა…

სხვა რა გზა იყო, ვაჩვენე, რომ ვაჩერებ და გზის პირისკენ გადავდექი, თან გამალებით ვფიქრობ, რა დავაშავე…

ბოლომდე გაჩერებული არ ვიყავი, რომ საიდანღაც მეორე პოლიციის მანქანა გამოვარდა და წინ გადამიდგა, მესამემ გვერდიდან ჩამკეტა…

გადმოცვივდნენ აბჯარასხმულები, თავის მანქანებს ამოეფარნენ, თოფები მომიშვირეს და მეგაფონით დამიყვირეს: „ძალიან ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე გადმოდი მანქანიდან! ხელები გვაჩვენე! ხელები მაღლა!”

მგონი მესიზმრება! ვიჩქმიტე გამოსაფხიზლებლად…  კინოში ვარ!!!

„ნელა გადმოდი მანქანიდან, ხელები მაღლა…“ – იგლიჯებოდა მეგაფონი…

უცებ რაღაც იულ ბრინერს და კლინტ ისტვუდს შორის საშუალო არსებად წარმოვიდგინე თავი, იქვე მიგდებულ „შლიაპას“ გადავწვდი და თეატრალური ჟესტით თავზე მოვირგე, კარი ფრთხილად გავაღე და ნელა გადავედი, აქცენტირებული პირველი ნაბიჯი, როგორც კინოებშია…

გადავედი და ხელებაწეული დავდექი. ვიფიქრე, ხომ არ გადავაფურთხო-თქო, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ კრისიდან ეგრევე ჩიკომდე ჩამოვქვეითდებოდი და თავი შევიკავე…

კლასიკური პირქუში შეუვალობა ვარჩიე…

„არ გაინძრე!“ – დაიხავლა მეგაფონმა. ალყას პოლიციელი ქალი გამოეყო და ნელა, თითო ნაბიჯით დაიწყო მოახლოება. ორი ხელით ჩაბღუჯული პისტოლეტით ნიშანში ვყავარ ამოღებული და მიახლოვდება…

სულ ორი-სამი მეტრიღა იყო დარჩენილი, რომ სიცილი ამიტყდა, ვეღარ გავუძელი სიტუაციის აბსურდულობას… არ გამოვა ჩემგან მსახიობი!

ქალი პოლიციელი გაოცებისგან გაჩერდა, მეგაფონიც ჩაჩუმდა, საერთო სიჩუმეში მხოლოდ ჩემი ხვიხვინი ისმოდა…

ერთერთი მანქანის კარი გაიღო, ბებერი შერიფი გადმოვიდა, თავისიანებს ხელი აუქნია და დაუდევარი ნაბიჯით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წამოვიდა ჩემკენ.

„Hello Sir“ – მივესალმე გულითადად…

„ეს მანქანა მოპარულია?“

„არა, სერ, ჩვენი კომპანიის არის, ყველა საბუთი მანქანაშია, დაზღვევაც… ყველა. ისე ორი თვის წინ მოიპარეს, პოლიციამ მეორე დილას იპოვნა გზაზე დაგდებული და დაგვიბრუნა, ჰიუსტონის პოლიციამ…“

„ჰარის ქაუნთის (ჰიუსტონის მთავარი რაიონი) პოლიციის დედაც, ჯერაც არ ამოუღიათ მოპარულების სიიდან! ახვრები!“ – დაიქუხა შერიფმა…

მოკლედ გაირკვა, მაგრამ კინო ჯერ არ დამთავრდა… შერიფმა ბოდიში მომიხადა, მაგრამ ვერ გაგიშვებო, პოლიციაში უნდა წამოგვყვე, ჰარის ქაუნთის ბედოვლათებს უნდა დავუკავშირდეთ, დავადასტუროთ და მოპარულების სიიდან უნდა ამოვიღოთო, მანამდე ჩვენთან იქნებიო. სხვა რა გზა იყო, წავყევი.

კაი ხანს დავყავი, ათასჯერ მომიბოდიშეს, კოკა-კოლა და წყალი მომიტანეს. მერე გავშინაურდით. შერიფმა, ვინ ხარ, საიდანო? ვიცი „კანტრი ოფ ჯეორჯიაო“. სამი კაცი იცოდა: სტალინი, შევარდნაძე და სააკაშვილი… რუსებს რომ უკიტინებთო. მეც ვეცადე ამეხსნა, რაც შემეძლო…

– ისე, ერთი მითხარი, ამდენს რა გაცინებდა, თოფი რომ ლამის შუბლზე გედო?

– შერიფ, არ იყო სასაცილო? ოფისისთვის ქაღალდი და მელანი მიმაქვს და ამ დროს ლამის მთელი დაისეტას შეიარაღებული ძალები დამაცხრა თავს, სრული მობილიზაცია გამოგიცხადებიათ და კიდევ ფედერალურ ავიაციას ითხოვდით დასახმარებლად, ჰაერიდან დასაბომბად…

ატყდა სიცილი. შერიფმა დოინჯი შემოირტყა, თავისიანებს გაჩუმება აცალა და დინჯად დაიწყო…

– ისე, რა იქნებოდა ყოფილიყავი დრაგ დილერი, რა მომზადებული ოპერაცია ჩამიფლავე?! ეგეთი მაგარი რამე რამდენი წელია არ გაგვიკეთებია! რა ოფისის ფურცლები აგიტყდა მაინცდამინც!

ვალში ხომ არ დავრჩებოდი?!

– თქვენ კიდევ გესროლათ ერთი, დაგეჭერით მსუბუქად! ავაგორებდი კამპანიას პოლიციური „ვაილენსის“ საწინააღმდეგოდ და გავხდებოდი პოლიტიკური ფიგურა, სენატორი! ან რომ მოგეკალით, ჩემი სახელობის ერთ კანონს მაინც გამოაცხობდა კონგრესი და სენატი…

ოთახში მყოფები იგუდებოდნენ სიცილით, ხალხიც ემატებოდა გარედან.

– ჰო გეუბნებით, ვერ არის მთლად დალაგებული – მიუბრუნდა თავისიანებს შერიფი, ბოლო სიტყვა ხომ არ უნდა შეერჩინა – კარგი დრაგ დილერი არ არის, მაგრამ მაგ კომპიუტერში კარგად ნახეთ, ვინმე ხომ არ გაქცეულა ამ დღეებში ფსიქიატრიულიდან…

ამასობაში, როგორც იქნა, გაირკვა და დადასტურდა ჰიუსტონის პოლიციასთან ლაპარაკში ჭეშმარიტება, იქიდანაც ბოდიში შემომითვალეს.

ასე სიცილ-ხორხოცში და ბეჭებზე ხელების ტყაპუნში დავშორდით, პოლიციის შენობის ზღურბლზე იდგნენ, ხელებს მიქნევდნენ და ბარბეკიუზე არ დაგავიწყდეს მოსვლაო…

ერთი ჩემი უფროსი მეგობარი, კარგი მწერალი და დრამატურგი, მეუბნებოდა, არაფრის გამოგონება და ფანტაზიორობა არ არის საჭირო, ცხოვრებას მაინც ვერ გაეჯიბრები, ისეთებს შემოგთავაზებსო…

მართლაც…

P.S.   საშობაოდ კი დაისეტას შერიფის ოფისიდან მოსალოცი ბარათი მოვიდა: To crazy Georgian man… Merry Christmas and Happy New Year!