ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამოქალაქო დავის მოსმენა გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პაატა სალიას შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სალიას განცხადებით, მას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და გონივრული ვადა მოითხოვა მის გასაცნობად.
დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა დააყენა იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დადებული დასკვნა საქმეს სასამართლოს მეგობრის სტატუსით დაერთოს. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული დასკვნა ადასტურებს იმ გარემოებას, რომელზეც დავა მიმდინარეობს. საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის 60%-პროცენტიან წილს, რომლის დაბრუნებასაც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში, დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე, „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი დააყადაღა.