„ბორჯღალოსნების“ მორიგი გამარჯვება. „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველომ რუსეთი დამაჯერებელი ანგარიშით – 23:6 დაამარცხა. ქართველი მორაგბეები მატჩის სტარტზე თედო აბჟანდაძის ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც 29-ე წუთზე „ბორჯღალოსნების“ 30-მეტრიანი მოლი, ხაზზე ჩათამაშება და ტაბუცაძის ლელო მოჰყვა.
მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა გაისინის ჯარიმით შეამცირეს. ამას „ბორჯღალოსნების“ მორიგი გააქტიურება მოჰყვა და მე-60 წუთზე სტუმრების იერიში ნინიაშვილის სადებიუტო ლელოთი დაგვირგვინდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს დადებისთვის, ბონუსი ჩაიწერა და გამარჯვების შედეგად, „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სატურნირო ცხრილში 14 ქულით პირველ ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 28 მარტს, შინ, „მიხეილ მესხის სტადიონზე“, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. ქართველ მორაგბეებს გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.