საქართველოში კორონავირუსით კიდევ 40 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 15 712 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,84 პროცენტია. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში აღირიცხა – დედაქალაქში ვირუსი 7 713 ადამიანს დაუდასტურდა, მაღალი მაჩვენებლებია ასევე იმერეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 190 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, 1 270 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, სულ ჩატარებულია 2 მილიონ 700 ათასზე მეტი აცრა, დღიურად აცრილია დაახლოებით 2 ათასი ადამიანი. ამ ეტაპზე ძირითადად გავრცელებულია „ომიკრონის“ შტამი, ეპიდემიოლოგები ვითარების დასტაბილურებას თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ პიკის გადავლის პერიოდი გახანგრძლივდება, რადგან მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტია ბუსტერდოზით აცრილი. ამირან გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ვირუსი არ გაქრება და ის სავარაუდოდ სეზონურ ვირუსად გარდაიქმნება.