გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე ანტირეკორდს ამყარებს – ბოლო ერთ დღეში კიდევ 59 ადამიანი დავკარგეთ. სრულად ვაქცინირებული არცერთი მათგანი არ იყო. ბოლო პერიოდში გარდაცვლილებს შორის იმატა ახალგაზრდების რაოდენობამ. ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ გახშირდა დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევებიც. წლის დასაწყისიდან დღემდე „კოვიდ-19“-მა უკვე რვა ფეხმძიმე იმსხვერპლა.
კრიტიკულად მძიმეა 20 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთადერთი, რამაც უმძიმესი ეპიდემიური სიტუაცია შესაძლოა დაასტაბილუროს და სიკვდილიანობის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი შეამციროს, ვაქცინაციაა. თუმცა, იმუნიზაციის ტემპი მაინც დაბალია. ანტივაქსერული მოწოდებების გასანეიტრალებლად და ვაქცინებზე სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, სამედიცინო საზოგადოება საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას ითხოვს, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეგიონებში.