რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

როგორია რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სამოქმედო გეგმა დირექტორის ცვლილების შემდეგ. მოვალეობას დროებით თეა თავართქილაძე შეასრულებს. პოსტი ზაზა ავალიანმა გუშინ დატოვა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, სწორედ ზაზა ავალიანის გადადგომა იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების უცვლელი მოთხოვნა. ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ კი ისინი პროტესტს დროებით წყვეტენ და იმ საექსპერტო დასკვნის პასუხებს ელოდებიან, რომელმაც უნდა განსაზღვროს შენობის მდგრადობის საკითხი.

დასკვნის სავარაუდო დრო ექვსი თვეა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გახდეს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, სახელმწიფო ცენტრალური კლინიკა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს. მის ბაზაზე უნდა განთავსდეს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მიმართულებაც და ცენტრალური სისხლის ბანკი.