ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. ჯერ კიდევ იანვარში მიღებული დადგენილება N 15 ძალაში შევიდა. შედეგად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 56 ამბულატორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. საუბარია იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა 7 000-ზე ნაკლებია.
ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მითითებულ ამბულატორიებში დასაქმებული პერსონალი სამსახურის გარეშე არ დარჩება, თანამშრომელთა ნაწილი კი სხვა დაწესებულებებში გადანაწილდება. თუმცა, სხვა მოლოდინი აქვს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტთა ნაწილს, რომელიც ათეულობით ადამიანის უსამსახუროდ დარჩენას ვარაუდობს და მონოპოლიების რისკებზეც მიუთითებს.