ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მესამე კვირა დასრულდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, გაიმართა სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობა, მათ შორის: ორგანიზაცია „ჰოროლმა“ ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა გამართა; საზოგადოების წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ და მუსიკოსი ლელა ნაყეური; გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“.
საფესტივალო დღე ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის, „ნართების“ კონცერტით დასრულდა. ლევილის მამულში ქართული ფესტივალი მეორედ იმართება. ფესტივალში მონაწილეობისთვის ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ქართული ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე გრძელდება.