ფოთის ყოფილ მერს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა – 30 000 ლარი აიღო.
ასევე, ფოთის მერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს დაეხმარა თაღლითური გზით დაუფლებოდა – 439 892.46 ლარს. ამავე განაჩენით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ათი პირი, მათ შორის – ფოთის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ოთხმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.