რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას განაგრძობს – კლინიკაში რეორგანიზაციის პროცესი დროებით ჩერდება. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ შეთანხმება მთავრობასა და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს შორის დღეს შედგა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ რესპუბლიკურის უკანა ტერიტორიაზე ახალი საავადმყოფო აშენდება, მანამდე კი დღეს არსებულ შენობაში პაციენტების მიღება უწყვეტად გაგრძელდება.
პრობლემად რჩება ინფრასტრუქტურა, რომლის გაუმჯობესებისა და ეტაპობრივი მოწესრიგების პირობა დღეს მთავრობის მეთაურმა მედპერსონალს მისცა. ამ ეტაპზე გაურკვეველია კლინიკის იმ თანამშრომელთა საკითხი, რომლებმაც კომპენსაციის მიღებაზე თანხმობა უკვე ოფიციალურად ხელმოწერით დაადასტურეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეტალებზე, მხარეთა ჩართულობით, უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.