პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

82 მომხრე , 11 წინააღმდეგი – პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

ინიციატივით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის, და არა ეთერის, არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს.

პროექტით დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალების, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.