გია ვოლსკი - საზოგადოებრივ მაუწყებელში კარგი გუნდია მოსული, რომელსაც უნდა ვენდოთ
გია ვოლსკი - საზოგადოებრივ მაუწყებელში კარგი გუნდია მოსული, რომელსაც უნდა ვენდოთ

მიუხედავად იმისა, წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმაოდ სოლიდურ თანხას ითვისებდა, ტელევიზია იმ დონეზე დარჩა, რასაც მედია სივრცეში არაპოპულარული სუბიექტი ჰქვია, ამას გამოსწორება უნდა, კარგი გუნდია მოსული, რომელსაც უნდა ვენდოთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატმა ის მიზეზი დააკონკრეტა, რის გამოც საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით კენჭისყრა ამ დონემდე არ ჩატარებულა.

„ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი რეალიები შემოვიდა, როცა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ეს მასშტაბური არ არის, მაგრამ ჯანსაღი პროცესია, რაც ოპონენტებს ცოტა დაბნეულ მდგომარეობაში აყენებთ, რადგან ყველა საკითხზე ვმსჯელობთ. ანალოგიური მდგომარეობაა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც. რამდენიმე თემა დარჩა, რაზეც მოსაზრებებს ჩამოვაყალიბებთ. კენჭისყრის ამ დრომდე არჩატარება იმას უკავშირდება, რომ მოვიდა დრო, საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდეს და შეთანხმებას ვესწრაფოდეთ. შენობიდან დაწყებული, შემოქმედებითი სფეროთი დამთავრებული, საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, რადგან ამის ფულს საზოგადოება, პირადად ჩვენ ვიხდით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენის რეჟიმში გასულ სასესიო კვირას განიხილა, თუმცა საკითხს კენჭი არ უყარა.