საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე რომან გოცირიძის კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე რომან გოცირიძის კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებას ეხება.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რომან გოცირიძემ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის უფრო ჯანსაღ განვითარებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ქვეყნის მშპ-ს რა ლოგიკით უნდა მიებას? თითქოს, ამ ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო არხად ვიხილავთ, რაც სპეკულაციაა. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მოდელი, სადაც მაუწყებლის დაფინანსება მშპ-ზე არის მიბმული. მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. ჩემი ცვლილებები სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება და არა ვინმეს დისკრიმინაციას”, – განაცხადა გოცირიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა გოცირიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მაინც გავა, მაგრამ კომიტეტის უარყოფითი დასკვნით.

რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტით.