საომარი მოქმედებების ორი წელი უკრაინაში – უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 410 ათასამდე რუსი სამხედროა მოკლული. რუსული მხარე კი ამბობს, რომ უკრაინამ 437 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ჩავიდნენ.
რაც შეეხება ვითარებას, ქვეყნის რამდენიმე ოლქში ახლა საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ინტენსიურად იბომბება ზაპოროჟიეს ოლქიც, სადაც ორი ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში მტრებმა 600-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ასევე, რუსები თავდაცვის გარღვევას შეეცადნენ მარინსკის მიმართულებაზე. დაიბომბა სუმის ოლქიც.
უკრაინულმა ძალებმა კი, ხერსონის ოლქში „სუ-34“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია კრასნოდარის მხარეში ჩამოგდებული კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის სარადარო თვითმფრინავის შესახებაც, რომლის ღირებულებაც 350 მილიონი დოლარია.