ომი უკრაინაში - 53-ე დღე

რუსი ოკუპანტები კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც ახლა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებული, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება. რუსული ძალები დღეს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 13 საათამდე პერიოდში სთავაზობენ მათ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი და აქვე ამატებენ, რომ ყველას, ვინც დაყრის იარაღს, სიცოცხლე გარანტირებული ექნება. ოკუპანტების შეთავაზებით, ამ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დილის 5 საათზე მხარეთა შორის კომუნიკაცია უნდა დამყარებულიყო. მანამდე, მარიუპოლის საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით, უკრაინული ძალების დასახმარებლად მარიუპოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ამ ქალაქში მყოფი უკრაინელი მებრძოლები უკვე გმირები არიან და მათ „გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არავინ აუკრძალავს“.