ომბუდსმენი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს.

დოკუმენტში პენიტენციური, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები მოხვდა, მათ შორის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა.

ანგარიში, სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხებსაც მოიცავს. ამ კონტექსტში ხაზგასმულია პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტი.

ანგარიშში მოქმედი საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების არარსებობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზეც ვკითხულობთ.

დოკუმენტის განხილვა კომიტეტის ფარგლებში დღეს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება, რის შემდეგაც ანგარიში მსჯელობისთვის პლენარულ სხდომაზე გავა.