ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს
ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გაანალიზებულია პენიტენციურ, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა.

ანგარიშში ასევე საუბარია სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხზე. ამ კონტექსტში წარმოდგენილია 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტი.

ანგარიშში საუბარია მოქმედი საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების არარსებობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზე.

ანგარიშის განხილვა კომიტეტის ფარგლებში დღეს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობით ეკიდება სახალხო დამცველის ანგარიშებს და ომბუდსმენის რეკომენდაციების უმეტესობას იზიარებს.

„საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობა, წინა წლებთან შედარებით, ვითარდება და ძლიერდება ამის შედეგი არის ის, რომ საქართველო არ ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან. ევროინტეგრაციის პროცესში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანის უფლებები მუდმივად გაძლიერდეს. უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება სჭირდება, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება არის მოწადინებული, რომ ყოველწლიურად ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ვითარდებოდეს საქართველოში და საკანონმდებლო გარანტიები იყოს შესაბამისი. ჩვენ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით ვეკიდებით სახალხო დამცველის ანგარიშს, თითოეული ჩვენგანის სამაგიდო წიგნია. ეს მიდგომა არ შეიცვლება არასდროს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად სახალხო დამცველის ანგარიშს ძალიან დიდი ქმედითი წილი გააჩნია. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის ანგარიშის აბსოლუტურ უმეტესობას ვიზიარებთ. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებული გავხადეთ, შესაბამისი ანგარიშები წარადგინონ ყოველწლიურად პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.