სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები სრულწლოვანების შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოს
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები სრულწლოვანების შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოს

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მთავრობას მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ წინადადებით მიმართა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად წლების განმავლობაში რჩება არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვის საკითხი.

1„ხშირ შემთხვევაში, 18 წლის ახალგაზრდა ადამიანი ზრუნვის სისტემას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ტოვებს – არ არის დასაქმებული, არ აქვს თავისი ინტერესების შესაბამისი პროფესია, არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების მხარდაჭერის კონკრეტული სერვისი, რაც მორგებული იქნება მათ ბაზისურ საჭიროებებზე, რათა მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და დაცული იყვნენ სიღარიბის, ძალადობისა და სხვა საფრთხეებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, შემუშავდეს კონკრეტული ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერას, გარდა ამისა, ცვლილებები შევიდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N601 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის ნაწილში, მუხლი მე-3, რომლითაც ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული იქნებიან ახალგაზრდები, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათი უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღებისა თუ სხვა სახის საჭიროებიდან გამომდინარე.