მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის

ვაქცინაციის პუნქტებში მიმართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი – საქართველოში აცრების რაოდენობა უკვე ერთ მილიონს აჭარბებს. მარტო გუშინ 30 000 მოქალაქე აიცრა. პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრები იხსნება, სადაც ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ყველაზე დიდი მოთხოვნა „ფაიზერზეა“ – ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინამ აშშ-ის წამლის სააგენტოს სრული ავტორიზაცია მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ საგანგებო მოხმარებისთვის გამოსაყენებელი ვაქცინის სტატუსი აღარ აქვს და ის უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

თბილისსა და აჭარაში სტაბილიზაციის პირველი ნიშნების მიუხედავად, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც საკმაოდ მაღალია. ბოლო 24 საათში მაჩვენებელმა ისევ 6 000-ს მიაღწია. გახსნიდან მეექვსე დღეს უკვე 100-ზე მეტია საველე ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა. უმძიმესი ეპიდსურათის მიუხედავად, ქვეყანაში დღეს მხოლოდ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რაც ეპიდემიოლოგებისთვის არასაკმარისია.