გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა. განცხადება ამის შესახებ პროკურატურამ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მინდია გოგოჭურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
მინდია გოგოჭური 6 დეკემბერს ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, ის მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს იფარებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი შეეცადნენ იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.