მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბრიტანეთის პარლამენტში მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოთქვეს. ლორდთა პალატის სპიკერის, ლორდ მაკფოლის განცხადებით, დედოფალი იყო ხალხის ლიდერიც და მსახურიც, ხოლო მისი თავმდაბლობა და პატიოსნება ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა.
ჩარლზ მესამემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტი დემოკრატიის სიცოცხლის უმთავრესი ინსტრუმენტია. დედოფალზე საუბრისას მან შექსპირის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის.
პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ჩარლზი და კამილა ედინბურგში გაემგზავრებიან, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს გადაასვენებენ. ედინბურგის ტაძარში კი შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ.
ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.