მეფე ჩარლზ მესამის კორონაცია

ამ წუთებში უესტმინსტერის სააბატოში მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობს. ბრიტანეთის ახალმა მონარქმა სამეფო ფიცი უკვე დადო. მასშტაბურ ღონისძიებას სამეფო ოჯახის წევრები, მსოფლიო ლიდერები და სხვადასხვა ცნობილი ადამიანი ესწრებიან. მიწვეულ სტუმართა შორის არის საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილიც.

ისტორიულ ცერემონიალს დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ოფიციალური ღონისძება ბუკინგემის სასახლიდან დაიწყო და უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით გაგრძელდა, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეორმოცე მონარქი იქნება, რომელსაც გვირგვინს უესტმინსტერის სააბატოში დაადგამენ, რის შემდეგაც მას ტახტზე აიყვანენ. ჩარლზის შემდეგ ტახტზე ავა დედოფალი კამილაც.

კორონაციის დასრულების შემდეგ, ლონდონის თაუერიდან საზეიმოდ 62-ჯერ გაისვრიან.