მეფე ჩარლზ მესამის კორონაცია

დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ მესამის კორონაცია გაიმართება. ცერემონიალს დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მიადევნებს თვალს. ოფიციალურად კორონაცია ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით დაიწყება, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, ისინი ამ წუთებში უკვე იკრიბებიან. კიდევ 1 000 სამხედრო კი, კორონაციის საზეიმო მსვლელობის მთელი მარშრუტის გასწვრივ განლაგდება.

ბუკინგემის სასახლესთან მოწვეული სტუმრებისთვის დამონტაჟებულია ტრიბუნები. მათ შორის იქნებიან სამხედრო ძალების ვეტერანები, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები და სოციალური მუშაკები. ცერემონიალს ასევე დაესწრებიან სამეფო ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და ცნობილი ადამიანები. მათი ნაწილი ლონდონში უკვე ჩავიდა. ჩარლზ მესამის კორონაცია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, სადაც ის სამეფო ფიცს დადებს.