მეფე ჩარლზ მესამის კორონაცია

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. დარბაზში მყოფმა სტუმრებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“. ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი ტახტზე აიყვანეს. მასშტაბურ ღონისძიებას სამეფო ოჯახის წევრები, მსოფლიო ლიდერები და სხვადასხვა ცნობილი ადამიანი დაესწრნენ. მიწვეულ სტუმართა შორის არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ისტორიულ ცერემონიალს დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ოფიციალური ღონისძება ბუკინგემის სასახლიდან დაიწყო და უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით გაგრძელდა, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ახალი მეფის კორონაცია საზეიმო ზალპებით აღნიშნეს. რამდენიმე წუთის წინ ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს სასახლის აივნიდან ახალი მეფე-დედოფალი მიესალმნენ. მათთან ერთად იყვნენ სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც.