სუროგაციის ცენტრის „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი იუსტიციის სახლისგან სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემას მოითხოვს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ადგილზე კარვების გაშლასაც არ გამორიცხავს. ის იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს.
კუკუნაშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვები სამშობლოში ვერ მიჰყავთ, რადგან მათთვის დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებენ. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი კანონის ახლებური ინტერპრეტაცია გახდა. საკითხით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გვიან ღამით დატოვეს. თუმცა შეკრებას ისინი ორშაბათს ისევ გეგმავენ. საპასუხოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაბადების მოწმობა, 9 სექტემბრიდან დღემდე, რვა სხვადასხვა კლინიკაში დაბადებულ, 26 ბავშვზე გაიცა.