საქართველოს კულტურის მინისტრი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის, ბორჯომისა და ახალციხის სალოტბარო სკოლებს ესტუმრა. თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო სკოლების საქმიანობასა და საჭიროებებს.
მისი განცხადებით, კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და განვითარებაა. შესაბამისად, ამ მიზნით დაგეგმილია წლის ბოლომდე ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება და მათი საჭიროებების გაცნობა.
სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა თავად ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. ამჟამად ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც ახალგაზრდები უსასყიდლოდ სწავლობენ ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრასა და ხალხურ სიმღერას.