კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის საქმე

შავ ზღვაში კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის შედეგად ეკიპაჟის სულ მცირე 37 წევრი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. კიდევ 100-მდე მეზღვაური დაშავებულია, ნაწილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სულ ბორტზე ეკიპაჟის 500 წევრი იმყოფებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული სამხედრო ხომალდი მათი სარაკეტო დარტყმების შედეგად ჩაიძირა. უკრაინელების სარაკეტო იერიშს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის ცნობითაც, აფეთქება ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მოხდა და კრეისერი შტორმის დროს ჩაიძირა. აღსანიშნავია, რომ ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლის შესახებ საუბრობენ მეზღვაურების მშობლებიც. ერთ-ერთი მეზღვაურის დედამ გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ კრეისერზე თავდასხმისას 40-მდე ადამიანი დაიღუპა.