კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კვლავ გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლოში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კვლავ გადაიდო. სხდომა 26 იანვარს გაიმართება. სასამართლოს გენერალური პროკურატურის აპელაცია უნდა განეხილა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხება.

როგორც სასამართლო დარბაზში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ორშაბათს, სასამართლო პროცესზე იგეგმება მისი დეპორტაციის გადაწყვეტილების მიღება. მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს 22 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდა. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება შეეცდება, რომ სამშაბათს ის უკვე ქვეყანაში აღარ იყოს.

22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის აპელაციას, 3 იანვრის კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.