გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. თ.ხ.-ს დაკავება მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გუშინ მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ მეგობარს დაავალა რეგისტრაციის გარეშე ორი მობილური ტელეფონისა და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, რათა ეს „ოქროს მოწმის“, გურამ ამირხანაშვილისა და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის მიმოწერად გაესაღებინა. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ბრალის წარდგენიდან 72 საათში იმსჯელებს.