ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ მიიტანა დარტყმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე. როგორც „ბიბისი“ იუწყება, დარტყმის სამიზნე გახდა „ჰუსიტების“ კუთვნილი რადარი. ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, იერიში ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა, რომლებიც წითელ ზღვაში დისლოცირებული სამხედრო გემიდან გაუშვეს. პენტაგონის განცხადებით, ეს დარტყმა იყო გუშინდელი იერიშების გაგრძელება, რაც მიზნად ისახავს, მოუსპოს შესაძლებლობა იემენელ „ჰუსიტებს“, თავდასხმები მოაწყოს წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე.
თავად „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე იერიში მიიტანა იემენის დედაქალაქ სანაზე. მანამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, შეერთებული შტატები კვლავ მიიტანს დარტყმებს იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე. ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა „ჰუსიტებს“ ტერორისტები უწოდა და ირანს კი აგრესიული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.