გორის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს

გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადება ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში გააკეთეს.

კომიტეტის სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული, სადაც ცნობილი გახდება, თუ რა სანქციები დაეკისრებათ კლუბებს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე მოხდა, სადაც ეროვნული ლიგის შეხვედრა გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის იმართებოდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის მიწურულს კი გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გორის „დილას“ ფეხბურთელის, ლუკა რაზმაძის მოედნიდან გაძევებამ გამოიწვია. გულშემატკივრების ნაწილმა სტადიონზე სკამები დააზიანა და ცეცხლის მოკიდებაც სცადა. ადგილზე სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

გორის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი