"დილა” ”დინამოს” დაეწია
"დილა” ”დინამოს” დაეწია

თბილისის ”ლოკომოტივისა” და გორის ”დილას” მატჩით ეროვნული ლიგის მე-8 ტური დაიწყო. ”მიხეილ მესხი 2”-ზე გამართულ ამ შეხვედრაში უპირატესობას თავიდანვე გორელები ფლობდნენ და 30-ე წუთისთვის ორბურთიანის სხვაობით დაწინაურდნენ.

19-ე წუთზე ლეანდრო რიბეირომ ანგარიში კარგი რეიდის და ლამაზი დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე ალვინ ფორტესმა თბილისელთა კარი მეორედ აიღო 0:2. ტაიმის მიწურულს ”ლოკომოტივის” თავდამსხმელმა, იტალიიდან დაბრუნებულმა რომან ჭანტურიამ საქართველოში პირველი გოლი პენალტით გაიტანა და სხვაობა შემცირა 1:2.

მეორე ნახევარში გორელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს მეტოქის კარის აღება: 61-ე წუთზე, ლეანდრო რიბეირომ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და დუბლი შეასრულა 1:3.

”დილამ” ამ მოგებით 15 ქულა დააგროვა, საჩხერეს ”ჩიხურას” გააასწრო და ”დინამო თბილისთან” ერთად, სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.