გაიზრდება თუ არა გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ პირთა წრე და რა ვითარებაში აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მდინარე არაგვში. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დამატებითი ექსპერტიზა, სავარაუდოდ, ორშაბათს დაიწყება.
გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, უახლოეს პერიოდში, ცნობილი გახდება გენეტიკური კვლევის შედეგიც. ოჯახი განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმებას, საქმის ფიგურანტი „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ექვსი პირისთვის ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ მუხლით ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.
19 წლის სპორტსმენის დაღუპვის საქმეზე ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებასთან ერთად, საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით, თუმცა გარდაცვალებამდე, ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაზიანებები ჰქონდა. თუმცა, დაკავებულების ადვოკატები ბრალის დამძიმების საფუძველს ვერ ხედავენ.