გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდება. მათ შორის იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა 19 წლის ახალგაზრდა მდინარე არაგვში. ასევე, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ჩანთიდან აღებული დე-ენ-ემ-ის ექსპერტიზის შედეგები.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდეს. საქმეზე 17 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნას, ოჯახი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში მსხდომი ყველა პირის, მათ შორის ორი არასრულწლოვნის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს 109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.