გაწმენდითი სამუშაოები კობი-გუდაურის გზაზე - პრობლემურ მონაკვეთზე ზვავსაშიშროება აღარ არის

ინტენსიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები კობი-გუდაურის გზაზე. პრობლემურ მონაკვეთზე ამ დროისთვის ზვავსაშიშროება აღარ არის. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები დილიდან დაიწყო და, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის დასრულდება.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მოძრაობა, ჯერჯერობით, ყველა სახის ავტომანქანისთვის შეზღუდულია და მისი გახსნა, სავარაუდოდ, საღამოს საათებში მოხდება.

ინტენსიური თოვის გამო უკვე მეორე დღეა, მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეფერხებულია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში გუდაურისკენ მიმავალი ავტომანქანები პატრულის მეთვალყურეობის ქვეშ გადაადგილდებოდნენ.