საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულ ზღვარზეა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, გაუარესებულია ყველა პარამეტრი, რომლითაც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ფასდება. ჰოსპიტალურ სექტორში მხოლოდ ხუთასამდე თავისუფალი საწოლია დარჩენილი, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კი ხუთი ათასს აჭარბებს, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას იწვევს.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 50 პაციენტი. ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამი არა მხოლოდ ზრდასრული ასაკის მოქალაქეების, არამედ ბავშვების მდგომარეობის დამძიმებას იწვევს. კლინიკებში მოზარდების რაოდენობა მატულობს.
ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 11 პროცენტს უახლოვდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ აგვისტო მძიმე იქნება და ამ ეტაპზე პროგნოზების გაკეთება რთულია, თუ რა ვითარებას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ აჭარაში დაგეგმილია კოვიდსასტუმროების დამატება, სადაც პაციენტების მკურნალობა მოხდება.