მიითვისა თუ არა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ქართველი ხელოვანების კუთვნილი თანხა – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო უწყებას ასოციაციაში არსებული დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა დასჭირდა. ჩხრეკა თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაციას მიიღებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოღებული ნივთებიდან, ცნობილია ის, რომ ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე ბრალდებას უარყოფს და ორშაბათს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვისთვის ემზადება. საქმე ავტორ-შემსრულებელთა განცხადების საფუძველზეა აღძრული, სადავო თანხა კი რამდენიმე მილიონს აღწევს.