ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები წარმოადგინა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე ისაუბრა.
კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს დაიწყო და მთელი ივნისის თვე დაეთმობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ათიწლისთავის შეჯამებას. მისი თქმით, ტრანსპორტის სფეროში განხორციელებული რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულმა რეფორმებმა განაპირობა ის, რომ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით არა მხოლოდ ასოცირებულ, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორისაც არაერთი მიმართულებით მოწინავე პოზიციებზეა.